საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეებმა ვახტანგ ფარესიშვილმა და ვაჟა ფანოზიშვილმა, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დიდი ბრიტანეთის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს - NCA წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
შეხვედრაზე სტუმრები გაეცნენ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას, არსებულ გამოწვევებს, ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებსა და გასულ წელს მიღწეულ შედეგებს. მხარეებმა ასევე ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება კიბერ კომპონენტის შემცველი დანაშაულის გამოძიების სპეციფიკასა და თავისებურებების შესახებ.
ყურადღება გამახვილდა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მიმართულებით არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე. ამ მიზნით, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.