ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით, 2023 წლის 20 - 24 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მიმდინარეობდა სიმულაციური ტრენინგი სახელწოდებით - ,,ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა: უწყებათაშორისი თანამშრომლობის მდგრადობა ეროვნული სიმულაციური ტრენინგის განხორციელების გზით“. სიმულაციური ტრენინგი ჩატარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობითა და მონაწილეობით.
ტრენინგის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა ლევან ძნელაძემ ისაუბრა ტრენინგის ჩატარების მნიშვნელობაზე, აღნიშნა, რომ ტრენინგი მიზნად ისახავდა უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას ამ სახის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებისთვის პრაქტიკული უნარების გაღრმავებას. ლევან ძნელაძის თქმით, აღნიშნულ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის დროს გამოძიების ეფექტურად წარმართვის მიმართულებით მნიშვნელოვანია უწყებათაშორის კორდინაცია და საჭირო ინფორმაციის გაცვლა, ასევე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების მოძიება/დაყადაღების მიზნით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
ღონისძიებაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ეუთოს ექსპერტებმა ტრენინგის მონაწილეებს გაუზიარეს მათი გამოცდილება, ხედვები და შენიშვნები ტრენინგის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების ირგვლივ, მათ შორის დანაშაულზე პარალელური ფინანსური გამოძიების ჩატარების მიმართულებით.