12-13 დეკემბერს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის" მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა - „ინტელექტუალური საკუთრების აღსრულება საბაჟოსა და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისათვის“ იმართება. ღონისძიება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის" თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ გახსნეს.
შეხვედრაზე საქართველოში სასაქონლო ნიშნების კონტრაფაქციისა და საავტორო უფლებების მეკობრეობის გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები და ამ კუთხით, დღეს არსებული გამოწვევები განიხილეს.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ აღნიშნა, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანად განხორციელებისთვის, სამართალდამცავი უწყებების კოორდინირებული მოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
,,ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა და კონტრაფაქციასთან ბრძოლა დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებისათვის სისხლის სამართლებრივი მექანიზმების სწორი და ეფექტიანი იმპლემენტაცია, საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი გამოწვევაა. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება როგორც ,,საქპატენტთან“, ასევე პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. რაც ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში დანაშაულის პრევენცია, გამოვლენა და გამოძიება კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს“, - აღნიშნა ლევან გამყრელიძემ.
როგორც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის" თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ განაცხადა, მისასალმებელია, რომ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ ,,საქპატენტის“ მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების საკითხებზე გამართულ ტრენინგებში, რაც მათ საქმიანობას აღნიშნულ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების მიმართულებით უფრო ეფექტიანს გახდის.
ღონისძიებას ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) უფროსი სამართლებრივი მრჩეველი ქსავიერ ვერმანდელი ესწრებოდა, რომელმაც ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებისადმი დაბალანსებული მიდგომების შესახებ და ინტელექტუალური საკუთრების მიმართ პატივისცემის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე პრეზენტაცია წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ სამუშაო შეხვედრისთვის ,,საქპატენტის“ მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ისმო-ს სახელმძღვანელო სამართალდამცავი უწყებებისა და პროკურორებისათვის - ,,ინტელექტუალური საკუთრების სფეროში დანაშაულის გამოძიება და სისხლის სამართლის დევნა“. სახელმძღვანელოში განსაზღვრულია სასაქონლო ნიშნის კონტრაფაქციაზე და საავტორო უფლებების სფეროში მეკობრეობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის არსებითი ელემენტები და გაანალიზებულია სამართლებრივი დევნის წარმატებით წარმართვის პირობები.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საგამოძიებო და საბაჟო სამსახურების, პროკურატურის, სასამართლოების და ,,საქპატენტის“ წარმომადგენლები, ასევე დარგის ექსპერტები ესტონეთიდან, მოლდოვადან, დიდი ბრიტანეთიდან და საქართველოდან.