საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში საერთაშორისო სამართალდაცვითი აკადემიის (ILEA) აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის შიდა შემოსავლების (IRS) ორგანიზებით გამართულ სემინარში მიიღეს მონაწილეობა.
სემინარს ევროპის ქვეყნების ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი სამართალდამცავი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილი და საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ელგანდაშვილი ესწრებოდნენ.
სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის აქტუალური საკითხები, ისაუბრეს დანაშაულებრივი გზით მიღებული ფინანსური აქტივების მოძიების და ამოღების მეთოდებზე, იმსჯელეს საერთაშორისო ფინანსური დანაშაულებრივი ქსელების გახსნის, ფულის გათეთრების, თაღლითობის, საჯარო მოხელეთა კორუფციის თემებზე და ეკონომიკური დანაშაულის გამოძიების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე.
სემინარზე ხაზგასმით აღინიშნა ეკონომიკური და საფინანსო დანაშაულის გამოვლენის პროცესში აშშ-ის და ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობა. ტრენინგის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარების მიზნით, მონაწილეებმა ეკონომიკური დანაშაულის სქემების შესწავლა - გამოძიების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს და კოლეგებს ოპერატიულ - საგამოძიებო მუშაობის წარმატებული მაგალითები გააცნეს.
სემინარი, რომელიც მიმდინარე წლის 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით გაიმართა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) და თბილისში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.