შიდა ქართლში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება–გასაღების და ქრთამის აღების ფაქტზე თორმეტი მოქალაქე დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, სისტემატიურად ახორციელებდა ატენის ხეობაში არსებული ტყიდან ძვირფასი სამასალე ჯიშის მრგვალი ხის მორის უაკანონოდ მოპოვებას, ხოლო დანაშაულისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, სახერხ საამქროებში უკანონოდ დახერხვის შემდეგ, გაყიდვის ზედნადების ნაცვლად წერდნენ მასალის შიდა გადაზიდვის ფორმით ტრანსპორტირებას, რეალურად კი ახორციელებდნენ ხე-მასალის კლიენტებზე რეალიზაციას.
გარდა ამისა, ბრალდებულები ამზადებდნენ ყალბ სასაქონლო ზედნადებს, რითაც ბუღალტრულად ყალბად აჩვენებდნენ, რომ თითქოს გაყიდული მასალის რეალიზაცია არ მომხდარა.
ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს გორის სატყეო უბნის ტყის მცველი, რომელმაც მის დაქვემდებარებულ ტყეკაფის ტერიტორიაზე უკანონოდ ხე-მასალის მოჭრის სანაცვლოდ, პერიოდულად ქრთამის სახით სხვადასხვა ოდენობის თანხას იღებდა.