საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, ორი ინდივიდუალური მეწარმე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულ მეწარმეებს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე ვალდებულება ჰქონდათ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაგა - ბაღები მოემარაგებინათ უმაღლესი ხარისხის კარაქით. ბრალდებულებმა, შემოსავლის გაზრდისა და დანახარჯის შემცირების მიზნით, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ათეულობით საბავშვო ბაგა - ბაღს უმაღლესი ხარისხის კარაქის ნაცვლად, ეტაპობრივად მიაწოდეს იაფფასიანი მცენარეული ცხიმებისაგან დამზადებული სპრედი, რა გზითაც, მოტყუებით დაეუფლნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხებს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 210 - ე მუხლის პირველი ნაწილით და 180-ე მუხლის მე - 2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე.