საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტზე, ერთ-ერთი შპს-ის დირექტორი და ტექნოლოგი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, შპს-ს კუთვნილ საწარმოში, სანიტარული ნორმებისა და დადგენილი სტანდარტების უხეში დარღვევით ამზადებდნენ და შემდგომ რეალიზაციას უწევდნენ ფალსიფიცირებულ ხორცპროდუქტებს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე. მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ დაამზადეს და გაყიდეს საკვებად უვარგისი დიდი ოდენობით ძეხვი და სოსისი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პროდუქცია არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს და გარკვეული მინარევების შერევის შედეგად შეცვლილი აქვს თვისობრიობა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან 3 წლამდე ვადით.