საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, მოქალაქე ვ. კ. დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ვ. კ. 2014 წლის აპრილამდე მუშაობდა ინდოელი ინვესტორების მიერ დაფუძნებულ ნავთობის მომპოვებელ ერთ-ერთ კომპანიაში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე, რა დროსაც კომპანიის კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თავის საბანკო ანგარიშზე რიცხავდა დიდი ოდენობით თანხებს, რომლის შესანიღბადაც თანხების გადარიცხვის დროს თანხების მიმღებად უთითებდა სახელმწიფო ხაზინას, ხოლო საბანკო ანგარიშის ნომრად აფიქსირებდა თავისი საბანკო ანგარიშის ნომერს. აღნიშნული გზით ვ. კ-მ მიითვისა კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა 633 519, 96 ლარი.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.