ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, „BETEK“- ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს შეიძინა რამოდენიმე ათასი ერთეული „BETEK“- ის სასაქონლო ნიშნის მქონე ცარიელი ტომარა და ქ. ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საამქროში მის მიერ შეძენილი ტომრების გამოყენებით კუსტარულად დაამზადა „BETEK“- ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობის წებო-ცემენტი. ამის შემდეგ, ბრალდებულმა მოახდინა ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზაცია ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება მინდინარებოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.