საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამის მესამე ეტაპი - გასაუბრების პირველი დღე დასრულდა. საგამოძიებო სამსახურის სტაჟირების კომისიასთან გასაუბრება 78 სტაჟიორიდან 41 - მა დღეს გაიარა. ამით, მათ დაასრულეს პროექტის პირველი ფაზის შესარჩევი კონკურსი, დარჩენილი მონაწილეები სტაჟირების პროგრამის გასაუბრების ბოლო ეტაპს ხვალ გაივლიან, რითაც დასრულდება პროგრამის პირველი ფაზა, ტესტირება უნარ ჩვევებში, პროფესიული ტესტირება და გასაუბრება.
გასაუბრების შედეგად, შეირჩევა სულ 40 სტაჟიორი და დაიწყება პროგრამის მეორე სასწავლო ფაზა. სტაჟიორები პროგრამის ფარგლებში ექვსთვიანი სწავლების კურსს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში და საგამოძიებო სამსახურის თბილისისა და რეგიონულ ოფისებში დაიწყებენ.
სტაჟიორების პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებში თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობის კურსი ჩაუტარდებათ, პროფესიულ კადრებთან ერთად ჩაერთვებიან სამუშაო პროცესში, გაეცნობიან სამართალდამცავი უწყების საქმიანობის პრინციპებს, შეიძენენ პრაქტიკულ უნარ ჩვევებს და ასევე, შესაძლებლობა ექნებათ საჯარო მოხელისთვის აუცილებელ პროფესიული გამოცდილებას დაეუფლონ. საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სტაჟიორები საგამოძიებო სამსახურში დასაქმდებიან.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების კონკურსზე განაცხადი 630 მსურველს ჰქონდა შემოტანილი. კონკურსი გამოცხადებული იყო გამომძიებლის და ინსპექტორ გამომძიებლის პოზიციაზე.