საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქონების მოტყუებით დაზიანების, ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მისცეს ორი პირი, ხოლო ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა შპს-მ 2008 წელს გამართულ აუქციონზე 800 720 ლარად შეიძინა 20 000 მ2 მიწის ნაკვეთი. აუქციონის პირობის მიხედვით, 36 თვის ვადაში უნდა განხორციელებულიყო არანაკლებ 3 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია და დასაქმებულიყო საქართველოს 100 მოქალაქე.
2011 წელს შპს-ის დირექტორმა წერილით მიმართა ერთ-ერთ სამინისტროს და წარადგინა შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესახებ, ერთ-ერთი კომპანიის დირექტორის მიერ შედგენილი, ყალბი აუდიტორული დასკვნა.
ყალბი დასკვნის მიხედვით, კომპანიის მიერ შესრულებულმა ინვესტიციამ თითქოსდა შეადგინა 5 075 148 ლარი, რეალურად კი განხორციელებული იყო 2 643 845 ლარის ინვესტიცია. დასკვნის წარდგენის პერიოდში, სამინისტროს მხრიდან, ერთ-ერთ თანამშრომელს კანონით ევალებოდა შესრულებული ვალდებულების შემოწმება და კონტროლი, თუმცა ის გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და არ მოახდინა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მონაცემთა გადამოწმება.
აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად, სახელმწიფოს 2 301 000 ლარის ზიანი მიადგა.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 342-ე და 362-ე მუხლებით.