საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა განახორციელა უსაქონლო ოპერაცია, რა დროსაც, ერთ-ერთი შპს-ის სახელით გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში ყალბად დააფიქსირა 300 000 ლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურის - ანგიოგრაფიის დანადგარის გაყიდვა ერთ-ერთ იურიდიულ პირზე. აღნიშნული ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ, ბრალდებულმა მოითხოვა სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული საქონლის ღირებულების 40 %-ის, 120 000 ლარის გადახდა, საიდანაც წინასწარ, ავანსის სახით, მოთხოვნილი თანხის ნაწილი აიღო.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.