საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სამხედრო აღიცხვისა და გაწვევის სამსახურის წარმომადგენელი დაკავა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული კორუფციულ გარიგებაში შევიდა ორ წვევამდელთან, მათგან მოითხოვა და ქრთამის სახით აიღო 800 ლარი, სანაცვლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში ერთი მათგანისთვის სამხედრო სამედიცინო კომისიას მიაღებინა დასკვნა სამხედრო სამსახურის გადავადების შესახებ. ხოლო მეორეს შესთავაზა ფსიქიკური პრობლემის ინსცენირება, რაც იქნებოდა სამედიცინო კომისიისთვის საფუძველი გაწვევაზე უარყოფითი დასკვნის გასაცემად. დაკავებულმა, მისივე თანდასწრებით, წვევამდელს ბასრი საგნით ხელზე მიაყენებინა მრავლობითი ჭრილობა.
ბრალდებული დაკავებული იქნა ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.