ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ფაქტზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთი საწარმოს თავმჯდომარე გ. ყ, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, წინასწარ დაგეგმილი თაღლითური სქემით, სხვადასხვა ფიზიკური პირის სახელზე სისტემატიურად ამზადებდნენ ყალბ სახელფასო ცნობებს, რითაც დასაქმებულად აფიქსირებდნენ ათეულობით მოქალაქეს. ამის შემდეგ, ყალბი სახელფასო ცნობების გამოყენებით საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დაზარალებულთა სახელით მართლსაწინააღმდეგოდ იღებდნენ და ისაკუთრებდნენ დიდი ოდენობით სესხის სახით მიღებულ თანხებსა და განვადებით გამოტანილ ძვირადღირებულ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, რითაც ათეულობით მოქალაქე დააზარალეს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.