საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, ერთ-ერთი შპს-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დააკავა.
საქმე ეხება, ავჭალის დასახლებაში არსებული ე.წ. „ზაჰესის ხიდის“ და სარკინიგზო გზაგამტარის რეაბილიტაციის პროცესში ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ გაიმარჯვა ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მოეხდინა ხიდის და სარკინიგზო გზაგამტარის რეკონსტრუქცია, ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ბიუჯეტის კუთვნილი 1 526 437 ლარი.
ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას.