საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ერთ-ერთი შპს-ის დირექტორები - ნ. ე. და ა. ხ, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ამავე სამმართველოს ყოფილი მთავარი სპეციალისტი და საფინანსო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.
დადგენილია, რომ ბრალდებულები ლტოლვილთათვის ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის პროცესში, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილს 1 081 611 ლარს.
გარდა ამისა, სამინისტროს ყოფილმა თანამშრომლებმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება, არ შეამოწმეს სამშენებლო სამუშაოები და ყალბი აქტები დაადასტურეს ხელმოწერით.
ამასთანავე, ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა გამოიჩინა სამსახურებრივი გულგრილობა და სამინისტროს სასარგებლოდ არ მოითხოვა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია - 211 200 ლარი, რითაც სამინისტროს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
საქმეზე გამოძიება გრძელდება სსკ-ის 180-ე, 332-ე, 342-ე და 362-ე მუხლით.