საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონებრივი დაზიანებისა და ჯგუფურად ყალბი საანგარიშწორებო დოკუმენტის დამზადების ფაქტზე, სამი სხვადასხვა შპს-ის დირექტორები მ. ა, ჯ. ჭ. და გ. მ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მ. ა-მ, ჯ. ჭ-მ და გ. მ-მ იმისათვის, რომ საქონლის იმპორტირებისას ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გადახდისათვის თავი აერიდებინათ და სახელმწიფოს ვერ მოეხდინა დარიცხული გადასახადის ამოღება, სოციალურად დაუცველ, არარეზიდენტ და ხშირ შემთხვევაში, ნასამართლევ პირებს სხვადასხვა შპს - ები დააფუძნებინეს, აღნიშნული შპს-ები საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვისას გადახდის უუნაროები არიან. ამ საწარმოების სახელით, საქართველოში იმპორტირებული იქნა 803 680 ლარის სხვადასხვა დასახელების ხილ-ბოსტნეული, რომელთა განბაჟებიდან 5 დღის გასვლის მიუხედავად, ზემოაღნიშნული პირების მიერ არ იქნა გადახდილი იმპორტის გადასახადი, რითაც საერთო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტს 265 048 ლარის ზიანი მიადგა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ქვეპუნქტით და 210 - ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.