საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია სამსახურის უფროსის - სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით ოფიციალურ შეხვედრებს ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან მართავს.
ვიზიტის ფარგლებში, მხარეები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენა, მისი გამოძიების წარმოება, მათი აღკვეთა და პრევენცია.
ქართველ და ბელარუს სამართალდამცავთა მსჯელობის მთავარი თემებია საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მეთოდოლოგია და სხვადასხვა კატეგორია: გადასახადებისათვის თავის არიდება, დღგ-ს დაუსაბუთებელი დაბრუნება, აქციზური პროდუქციის უკანონო ბრუნვა.
მხარეები გეგმავენ თანამშრომლობას ანალიტიკური საქმიანობის დასახვეწად და გასაუმჯობესებლად, ასევე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლისა და აქტუალური პრობლემების ეფექტიანად გადაჭრის ერთობლივი გზების მოსაძიებლად.
დელეგაციის ხელმძღვანელის, საგამოძიებო სამსახურის უფროსის - სოსო რამიშვილის განაცხადებით - „უწყებებს შორის, არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, ოპერატიული და ანალიტიკური საქმიანობის სრულყოფა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ბელარუსში საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას, ასევე როგორც მის გამოვლენას და აღკვეთას, ისე პრევენციას და გამოძიებას.“