საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია, უფროსის - სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის მმართველს, გენერალ ჯორჯიო ტოშის შეხვდა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და იტალიის რესპუბლიკის ფინანსურ გვარდიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს.
მემორანდუმის ფარგლებში კოლეგა უწყებებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის, ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.
იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის მთავარ ოფისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები ვაჟა ფანოზიშვილი და ვახტანგ ფარესიშვილი, ასევე იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის მმართველის მოადგილე ედოარდო ვალენტე და უწყების სხვა წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის წევრები იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის საფინანსო და ეკონომიურ სფეროში ჩადენილი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და გადასახადების გადახდის კონტროლის ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და უწყების საინფორმაციო ბაზებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
www.gdf.gov.it