სიახლეები

საგამოძიებო სამსახურსა და იტალიის რესპუბლიკის ფინანსურ გვარდიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

12მარ 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია, უფროსის სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა.  ვიზიტის ფარგლებში სოსო რამიშვილი იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის მმართველს, გენერალ ჯორჯიო ტოშის შეხვდა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და იტალიის რესპუბლიკის ფინანსურ გვარდიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

 

მემორანდუმის ფარგლებში  კოლეგა უწყებებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის, ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. 

 

როგორც შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, იტალიის რესპუბლიკის კოლეგა უწყებასთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება თანამშრომლობის ახალი ეტაპის დასაწყისია.

 

„საგამოძიებო სამსახურისთვის მნიშვნელოვანია იმ დიდი გამოცდილების გაზიარება, რაც იტალიის რესპუბლიკის ფინანსურ გვარდიას საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით აქვს. მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენ შევძლებთ გავაღრმაოთ  თანამშრომლობა ყველა იმ მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის აღმოფხვრას, საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის ფინანსური და ეკონომიკური ინტერესების დაცვას. ვიმედოვნებ, რომ გააქტიურებული თანამშრომლობა ჩვენი უწყებების  საქმიანობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად  გაზრდის“, - აღნიშნა სოსო რამიშვილმა.

 

იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის მმართველის, გენერალ ჯორჯიო ტოშის განცხადებით გაფორმებული მემორანდუმი ხელს შეუწყობს არა მარტო უწყებებს  შორის თანამშრომლობას, არამედ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას.  „აქტიური თანამშრომლობა ისეთი მნიშვნელოვანი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიც არის ეკონომიკური და ფინანსური დანაშაული სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის“, - აღნიშნა ჯორჯიო ტოშიმ.

 

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. გადაწყდა, რომ ახლო მომავალში დაიგეგმება იტალიის რეპუბლიკის ფინანსური გვარდიის მმართველი გენერლის, ჯორჯიო ტოშის ვიზიტი საქართველოში.

 

იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის მთავარ ოფისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები ვაჟა ფანოზიშვილი და ვახტანგ ფარესიშვილი, ასევე იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის მმართველის  მოადგილე ედოარდო ვალენტე და უწყების სხვა წარმომადგენლები.

 

ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის წევრები იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის საფინანსო და ეკონომიურ სფეროში ჩადენილი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და გადასახადების  გადახდის  კონტროლის ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და უწყების საინფორმაციო ბაზებისა  და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

 

ვიზიტის ბოლოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის  დელეგაციის წევრებმა იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც  უწყების ისტორიასა და  საქმიანობას დეტალურად გაეცნენ.

კალენდარი

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031