სიახლეები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა

04დეკ 2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევი სამეტაპიანი კონკურსი დასრულდა. პროფესიული ტესტირება, ტესტირება ზოგად უნარებში  და გასაუბრება    35 ახალგაზრდამ წარმატებით გაიარა. დღეიდან,  შერჩეული სტაჟიორები ექვსთვიან სასწავლო კურსს გაივლიან.

სტაჟირების პროგრამა ორ მიმართულებას - თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას  მოიცავს. სტაჟიორები თეორიულ კურსს, სპეციალურად მათთვის შემუშავებული პროგრამის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, ხოლო პრაქტიკულ მეცადინეობებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის და რეგიონულ ოფისებში გაივლიან.

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდები დეტალურად გაეცნობიან საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო მიდგომებს, გაეცნობიან სამართალდამცავი უწყების საქმიანობის სპეციფიკას,  შესაბამის კანონმდებლობას და სამართლებრივ აქტებს, გაიღრმავებენ ცოდნას და განივითარებენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რაც მათ წარმატებულ საქმიანობას შეუწყობს ხელს. 

შერჩეულ სტაჟიორებს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სოსო რამიშვილი და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორის მოადგილე გიორგი რაზმაძე შეხვდნენ და კონკურსის წარმატებით გავლა და სასწავლო კურსის დაწყება მიულოცეს.

როგორც სოსო რამიშვილმა აღნიშნა, სტაჟირების პროგრამა საგამოძიებო სამსახურის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ფინანსთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით ხორციელდება.

„ჩვენი მიზანია საგამოძიებო სამსახური კვალიფიციური კადრებით იყოს დაკომპლექტებული, რაც უწყების ეფექტიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  წინაპირობაა. ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საშუალებას გვაძლევს მოვიზიდოთ და დავასაქმოთ მოტივირებული, მცოდნე ახალგაზრდები და ხელი შევუწყოთ მათ გამოიმუშავონ და განივითარონ ყველა ის უნარ-ჩვევა, რაც პროფესიულ საქმიანობაში დაეხმარებათ“ - აღნიშნა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა სოსო რამიშვილმა.

სტაჟიორებთან შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორის მოადგილემ, გიორგი რაზმაძემ განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს აკადემია საგამოძიებო სამსახურისთვის სტაჟირების პროგრამას უკვე წლებია ახორციელებს. სასწავლო პროგრამა სპეციალურად მათთვის არის შემუშავებული და ყველა საჭირო მიმართულებას მოიცავს. „დღეს, იწყება სწავლების პროცესი, რომელიც ექვსი თვე გაგრძელდება, სამი თვის განმავლობაში ჩვენთან აკადემიაში განხორციელდება სტაჟიორების სწავლება, ხოლო, შემდეგ სამი თვე სტაჟიორები სამუშაო პროცესში პრაქტიკულად ჩაერთვებიან“, - აღნიშნა გიორგი რაზმაძემ.    

2018 წელს, კონკურსის შედეგად შერჩეული წარმატებული სტაჟიორები ინსპექტორ - გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობებზე დასაქმდებიან.  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ახალი კადრების მოზიდვის მიზნით, უმაღლესი იურიდიული და ეკონომიური განათლების მქონე  ახალგაზრდებისთვის სტაჟირების პროგრამას ყოველწლიურად ახორციელებს.



კალენდარი

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31