სიახლეები

საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს სტაჟირების პროგრამა გააცნეს

11ოქტ 2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილი  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს და მაგისტრატურის  სტუდენტებს შეხვდა და საგამოძიებო სამსახურში დაგეგმილი სტაჟირების პროგრამა პირადად გააცნო. შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ზარანდია და დეკანის მოადგილე, პროფესორი მორის შალიკაშვილი ესწრებოდნენ.


შეხვედრაზე ვაჟა ფანოზიშვილმა საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკასა და სამართლებრივ საფუძვლებზე, სამსახურის პრიორიტეტებსა და საკადრო პოლიტიკაზე ისაუბრა.  მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიზანი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შესაბამისი განათლების მქონე  მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვა და დასაქმებაა.


„სტაჟირების პროგრამა  საუკეთესო შესაძლებლობაა იურიდიული და ეკონომიკური უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს საკუთარი პროფესიული საქმიანობა და  კარიერა დაუკავშიროს საგამოძიებო სამსახურს - სამართალდამცავ უწყებას, რომელიც ქვეყანაში საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულს ებრძვის. სტაჟირების ფარგლებში ახალგაზრდები გაივლიან თეორიული და პრაქტიკული სწავლების ექვსთვიან კურსს. მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დიდი გამოცდილება და გამოუმუშაონ ყველა საჭირო უნარ-ჩვევა, რაც მომავალ საქმიანობაში დაეხმარებათ“,- აღნიშნა ვაჟა ფანოზაშვილმა.


საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ  აღნიშნა რომ წელს, პირველად, სტაჟირების პროგრამა იქნება ანაზღაურებადი, რაც დამატებითი სტიმული იქნება ახალგაზრდებისთვის.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ  უნივერსიტეტის  სტუდენტების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა.

კალენდარი

<ოქტომბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031