სიახლეები

აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ

06ივლ 2018

კორეის რესპუბლიკაში, ქალაქ სეულში  აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და  კორეის განვითარების ინსტიტუტის (KDI) ორგანიზებით, 3-5 ივლისს ჩატარდა კონფერენცია თემაზე „სამხრეთ-სამხრეთის ცოდნისა და თანამშრომლობის გაღრმავება აზიაში“. ღონისძიებას,  ADB-ს მიწვევით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სსიპ მომსახურების სააგენტოს, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის და სახაზინო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


კონფერენცია, რომელიც კორეის განვითარების ინსტიტუტში გაიმართა   აზიის განვითარების ბანკის დამოუკიდებელი შეფასების დეპარტამენტის დირექტორმა, მარვინ ტეილორ დორმონდმა და კორეის განვითარების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა, უნგჯეი ინმა გახსნეს. ღონისძიებაზე საუბარი შეეხო სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების პროგრამის მთავარ მოდელს. ბოლო პერიოდში, სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა ამ რეგიონის ქვეყნების განვითარების  მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა - გაიზარდა სამხრეთ-სამხრეთის ვაჭრობის მოცულობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადები და ტექნოლოგიების  ტრანსფერები. აღნიშნულ პერიოდში, სამხრეთის ქვეყნებმა საჭირო ცოდნა და გამოცდილება დააგროვეს  განვითარებისთვის. სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა განვითარებად ქვეყნებზე, ისევე როგორც დონორებსა და ტექნიკური თანამშრომლობის პროვაიდერებზე,  რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. KDI - ში გამართულ ღონისძიებაზე მონაწილეებმა განიხილეს სამხრეთ-სამხრეთი თანამშრომლობის წარმატებული მაგალითები, ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. კონფერენციის სტუმრები გაეცნენ  ომის შემდგომ კორეის განვითარების ისტორიას და ბოლო 70 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს.


კონფერენციის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის დამოუკიდებელი შეფასების დეპარტამენტის (IED) წარმომადგენლებმა, ფარზანა აჰმედმა და ბრაჰმ პრაკაშმა  მონაწილეებისთვის პროექტის დიზაინისა და დასრულების შეფასების ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგზე დეტალურად განიხილეს პროექტის საწყისი და საბოლოო ეტაპები, პროექტის მართვის საკითხები  და   შეფასების კონტექსტი და კრიტერიუმები.  ტრენინგის ბოლოს გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე  - „პროექტების შეფასების მოდულები“.


ქალაქ სეულში გამართულ კონფერენციას, საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ: აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ალბანეთის, მალაიზიის, ნეპალის,  ვიეტნამის, ავღანეთის, ინდონეზიის და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ღონისძიების ბოლოს მონაწილეებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

 

კალენდარი

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031