სიახლეები

უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტებზე საგამოძიებო სამსახურმა სამეგრელოს რეგიონში სამი პირი დააკავა

15მაის 2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურ მუშაობას აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის კუთხით.

 

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელო-ზემო სვანეთის  რეგიონში, პირთა ჯგუფის მიერ  მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის სამი ფაქტი გამოავლინეს და  სამი პირი დააკავეს.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორ შემთხვევაში, ბრალდებულების მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში 2 880 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ხოლო მესამე შემთხვევაში,  ბრალდებულის   საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება  14 000 ლარს აღემატება.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და  მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო სამსახური შემოსავლების სამსახურთან ერთად აქტიურად ახორციელებს უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთას. სავაჭრო ობიექტებში პერმანენტულად ტარდება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები. მიმდინარე წელს,  1 იანვრიდან 11 მაისის ჩათვლით, საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის  თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით    აღნიშნული კატეგორიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 172 ფაქტი გამოვლინდა. ადმინისტრაციული წესით ამოღებულია   14 000-ზე მეტი კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი. ამავე პერიოდში, საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება  დაიწყო სისხლის სამართლის 31  საქმეზე, ამოღებული სიგარეტის რაოდენობა 46 051 კოლოფს შეადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნა 25 პირის მიმართ დაიწყო.

კალენდარი

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031