სიახლეები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ლევან გამყრელიძე უხელმძღვანელებს

09ივნ 2017

საქართველოს პირველმა ვიცე - პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს უწყების ახალი ხელმძღვანელი ლევან გამყრელიძე წარუდგინა, რომელიც დღეიდან საგამოძიებო სამსახურს ჩაუდგა სათავეში.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ლევან გამყრელიძე კარგად იცნობს საგადასახადო კანონმდებლობას, გადასახადის გადამხდელთა ფსიქოლოგიას და აქვს ფინანსური დანაშაულის გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება.

,,სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას უწყების რეფორმირების, ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების მიმართულებით. ასევე, გადასახადებთან და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოვლენის კუთხით. ამ ამოცანების შესრულება მას მოუწევს კვალიფიციურ  გუნდთან ერთად და იმ ხალხის გვერდით, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების სადარაჯოზე დგანან“, - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე - პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ განაცხადა, დაიწყება სამსახურის რეორგანიზაცია, რათა სამსახური გაძლიერდეს და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა გახდეს კიდევ უფრო ეფექტიანი.

ამ პოსტზე დანიშვნამდე, 2015–2017 წლებში, ლევან გამყრელიძეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა. 2014 – 2015 წლებში იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2013-2014 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს განყოფილების უფროსი, 2011 – 2013 წლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის  სამმართველოს  უფროსის მოადგილე, ხოლო შემდეგ ამავე  სამმართველოს უფროსი; 2007-2011 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს გამომძიებლად. 2004-2006 წლებში  იყო ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფროსი ოპერატიული თანამშრომელი.

ლევან გამყრელიძე განათლებით იურისტია, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

კალენდარი

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31