საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახურის შესახებ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შემავალ სპეციალურ სამართალდამცავ ორგანოს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საფინანსო- ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისი ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ საქმეთა გამოძიებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

საგამოძიებო სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით ახდენს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას. სამსახური საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ქვემდებარეობის შესაბამისად სრული მოცულობით აწარმოებს გამოძიებას.

საგამოძიებო სამსახურის უფროსს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საგამოძიებო სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე.

სამსახურის მისია

საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის პრევენციის მიზნით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების შედეგად ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა და ქვეყანაში ეკონომიკური დანაშაულის აღმოფხვრაა.

სამსახურის ხედვა

სამსახური დასახული მიზნის მისაღწევად, დაკისრებული ამოცანების განხორციელებისას აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, სამართალდამცავ ორგანოსთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ამასთან, ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და დანერგვის კუთხით, მჭიდროდ თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების კოლეგა უწყებებთან და სხვა ორგანიზაციებთან. სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა და საგამოძიებო სფეროში არსებული მაღალი სტანდარტების დანერგვა.

სამსახურის ღირებულებები

სამსახურის საქმიანობა ემყარება კანონიერების, ჰუმანურობის, სამართლიანობის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის პრინციპებს.

საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა რეგულირდება შემდეგი სამართლებრივი აქტებით:
• საქართველოს კონსტიტუცია
• საქართველოს კანონი „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“
• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
• საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
• საქართველოს საგადასახადო კოდექსი
• საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
• საქართველოს კანონი „ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის შესახებ“
• საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“
• საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“
• საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“
• საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და სამართლებრივი აქტები
სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის #34 ბრძანებით.

https://matsne.gov.ge/ka/document/view/1964055

აღნიშნული დოკუმენტით ცალსახად არის გამიჯნული, რომელ საგამოძიებო უწყებას სისხლის სამართლის რა სახის დანაშაულის გამოძიების უფლებამოსილება გააჩნია. ერთ-ერთია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დაახლოებით 30-მდე სახის დანაშაულზე აქვს გამოძიების ჩატარების უფლება. მათ შორის შეიძლება გამოიყოს ისეთი სახის დანაშაული, როგორიცაა: გადასახადისთვის თავის არიდება, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ფალსიფიკაცია, საბაჟო წესების დარღვევა, ყალბი ფულის და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღება და ა.შ.

საგამოძიებო სამსახური (ისტორია)

საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლისა და საბიუჯეტო თანხების მართლზომიერი განკარგვის მაკონტროლებელი სამსახური 2004 წელს შეიქმნა. 2007 წელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამი სამსახური - ფინანსური პოლიცია, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტები ერთ უწყებად - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურად გაერთიანდა. მოგვიანებით, 2009 წლის დეკემბერში ფინანსთა სამინისტროში განხორციელებული კიდევ ერთი სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ, შემოსავლების სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის, საგამოძიებო და ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტები და სპეციალური დანიშნულების რაზმი გაერთიანდა საქვეუწყებო დაწესებულების ფარგლებში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურად ჩამოყალიბდა. 2009 წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, რომლის თანახმადაც შეიქმნა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

საგამოძიებო სამსახურის მთავარ მიზანს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკური და საგადასახადო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ჯანსაღი ბიზნესგარემოს დაცვა და კეთილსინდისიერი მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს. დასახული მიზნის მისაღწევად საგამოძიებო სამსახური მაღალ პროფესიულ დონეზე, სრული მოცულობით ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს, სათანადო ექსპერტიზას, დანაშაულის პრევენცია-გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებებს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საგამოძიებო სამსახურის ძირითად ამოცანად და უფლებამოსილებად განისაზღვრა:

• საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის თავიდან აცილება, კორუფციულ გარიგებათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.
• საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ქვემდებარეობის შესაბამისად სრული მოცულობით გამოძიების ჩატარება;
• შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით;
• ინფორმაციის მოპოვება და გაანალიზება, მისი შემდგომი გამოყენების მიზნით;
• საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა;
• საფინანსო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო ურთიერთობების სფეროში კანონდარღვევათა ხელშემწყობი მიზეზების გამოვლენა, მათი შესწავლა - ანალიზი.

კალენდარი

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930